ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. გარდაცვლილია ორი, 23  და 27 წლის  ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი რუსთაველია. დაშავდა 26 წლის მამაკაციც,რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად სოფელ არხილოსკალოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება ორმა მგზავრმა მიიღო. ოპელის მარკის ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა მძღოლი,რომლის საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა მისმა მეგობარმა. ის გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა მერსედესის მარკის ავტომობილს,საჭე ვერ დაიმორჩილა და სოფელ ზემო ქედში, ცენტრალურ მაგისტრალზე, ტროტუარზე მდგარ განათების ბოძს და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ორივე მათგანი მედიკოსების მისვლამდე გარდაიცვალა.

23 წლის რუსთაველ  გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: primetime.ge