მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს. ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. მორწმუნეები მარხვის დაწყებამდე ერთმანეთს მიტევებას სთხოვენ.

მიტევების კვირა ყველიერის ბოლოს, დიდი მარხვის დაწყების წინა დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემით, მიტევების კვირა ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს. დიდმარხვის დაწყებამდე ბერები ერთმანეთისაგან შენდობას ითხოვდნენ და მარხვის მარტოობაში გასატარებლად უდაბნოში გადიოდნენ. იგალობებოდა აღდგომის საგალობლები, რადგან არ იცოდნენ, დაუბრუნდებოდნენ თუ არა მონასტრებს მშვიდობით აღდგომისთვის. სააღდგომო საგალობლები დღესაც ყველა ტაძარში შესრულდება.

ხვალიდან უკვე სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 28 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.