რუსთავში ციხის მშენებლობის საკითხზე ულტიმატუმის ენას ვერ მივიღებ -თეა წულუკიანი

კონკრეტული საზოგადოების ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას პირადად ვერ მივიღებ, თუმცა კონსულტაციებისთვის მზად ვარ, – განაცხადა თეა წულუკიანმა რუსთავში ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციებზე.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ საკითხზე უკვე შეხვდა ქვემო ქართლის გუბერნატორს, ქალაქ რუსთავის მერს.

„შეხვედრები გაგრძელდება, მაგრამ ეს იქნება კონსულტაციები და არა ულტიმატუმების ენა. ეს მიწა ყოფილ სასჯელაღსრულების სამინისტროს ციხეების მშენებლობისთვის გადაეცა 2018 წლის აპრილში, ვიდრე სისტემა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი გახდებოდა. შესაბამისად, თუ მაშინ, იმ დროს და მას შემდეგ რაიმე კონსულტაცია მოსახლეობას დააკლდა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვასწოროთ. მაგრამ, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ულტიმატუმებით არ ესაუბრება, ასევე მოცემული საზოგადოების ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას მე პირადად ვერ მივიღებ, თუმცა კონსულტაციებისთვის, ჯანსაღი მსჯელობისთვის, თუ რა ტიპის პროექტია ეს და რას გააუმჯობესებს ქალაქისთვის, ნებისმიერ დროს ვარ მზად. მინიმუმი მანძილი ციხის კედლებსა და კორპუსებს შორის 100 მეტრია“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
რა მიზნით შეარჩია იუსტიციის სამინისტრომ ციხის ასაშენებლად ჭყონდიდელის დასახლება. თეა წულუკიანის ექსკლუზიური ინტერვიუ  ნახეთ tv4-ის ეთერში :https://www.facebook.com/TV4.ge/videos/300919204111041/

რმდენიმე დღეა რუსთაველები ჭყონდიდელის დასახლებაში ციხეების მშენებლობას აპროტესტებენ და აქციებს მართავენ. გუშინ , აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ციხის მშენებლობის შესაჩერებლად 24-საათიანი ვადა მისცეს.