“გარეჯა ჩვენია”- საპროტესტო აქცია სამონასტრო კომპლექსთან დღეს გაიმართება

“გარეჯა ჩვენია”- ამ ლოზუნგით თბილისიდან დავით გარეჯის მიმართულებით კოლონა დაიძრა, რომელიც შექმნილ ვითარებას ადგილზე გააპროტესტებს.

საზოგადოების წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფის და მათ შორის, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები, უკვე გაემგზავრნენ თბილისიდან გარეჯის მიმართულებით. მათ პროტესტს შეუერთდებიან საგარეჯოში მცხოვრები მოქალაქეებიც. აქციის მონაწილეებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეზღუდვები, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ დააწესა.

„ჩავალთ წირვაზე, მოვილოცავთ ტაძარს და შემდგომში ავალთ აღდგომის ტაძართან, სადაც ვიცით, რომ პრობლემები არის. პრობლემად ითვლება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ეხება, ჩვენს საზღვრებს ეხება და ჩვენ მშვიდობიანი მსვლელობით გამოვხატავთ ჩვენს განწყობას და დამოკიდებულებას, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო ერთიანი უნდა იყოს, მთლიანი უნდა იყოს, ჩვენი საზღვრები უნდა იყოს გამაგრებული და დაცული.“ – განაცხადა მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა და მოსალოდნელია, რომ აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ, კვლავ ჩაიკეტება.