“რუსთავმა” ბოლო ტურის მატჩში “ოლიმპი” 31 ქულის სხვაობით დაამარცხა

„რუსთავისთვის“ სუპერლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. რუსთაველებმა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში თბილისურ „ოლიმპს“ უმასპინძლეს და 31 ქულის სხვაობით – 90:59 იმარჯვეს. „ოლიმპს“ გუნდის კაპიტანი რევაზ როგავა და ერთ–ერთი ლიდერი მარკ ოგდენი აკლდა, რითაც რუსთაველებმა ისარგებლეს და რეგულარულში მე–3 მატჩი მოიგეს. 

სამწუხაროდ, „რუსთავისთვის“ ეს სეზონი წარუმატებლად დასრულდა და  ბოლო, მე–10 ადგილი დაიკავა, რაც სუპერლიგაში ადგილის დაკარგვას ნიშნავს. რუსთაველი კალათბურთელები მაყურებლებს დაემშვიდობნენ – გუნდის ისტორიაში ეს ყველაზე უშედეგო სეზონი აღმოჩნდა, რომელიც რუსთაველთათვის უპრეცედენტოდ ადრე დასრულდა. 

მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება: ქვემოქართლურ გუნდს ეგვიპტელმა აჰმედ მოავადმა და ამერიკელმა კენდარიუს ჰამილტონმა ულიდერეს. პირველმა 20 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო მეორემ – 27 ქულა და 11 მოხსნა. “ოლიმპში” 24 ქულით საუკეთესო იყო რეჯი ბეიკერი, 14 ქულა ჩარლზ ბენეტის ანგარიშზეა.