საქართველოს სკოლებში 800–ზე მეტი აკრძალული ნივთია აღმოჩენილი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე, საჯარო სკოლებიდან 853 აკრძალული ნივთი ამოიღეს, მათ შორისაა ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი და ელექტროშოკი.

2019 წლის 1–ელი თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით, სკოლებში სულ 1435 ზედაპირული დათვალიერება განხორციელდა. თბილისში–905, ქვემო ქართლში–152, სამეგრელო–ზემო სვანეთში–95, იმერეთში–86, შიდა ქართლში–71, აჭარაში–70, სამცხე–ჯავახეთში–28, მცხეთა–მთიანეთში–12, კახეთში–10, გურიაში–6.

„საანგარიშო პერიოდში სკოლიდან 1 ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 13 ბასრი საგანი, 3 ბლაგვი საგანი, 25 ბანქო, ან სხვა აზარტული საშუალება, 3 ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება, 26 კასტეტი ამოიღეს. ასევე დაფიქსირდა 4 ყურსასმენის გამოყენების ფაქტი, 294 -თამბაქო და სანთებელა(ასანთი), 73 საახალწლო ასაფეთქებელი (პიტარდა), 80 ელექტროსიგარეტი, 1 ელექტროშოკი (ტარება), 33 ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთები, 21 ალკოჰოლის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე, 20 სავარაუდო ნარკოტიკის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაში.