ქართული არმია დღეს დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქართული არმია დღეს დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო დღის აღნიშვნა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყება, საიდანაც ლევან იზორია საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართულ დანაყოფებს პროფესიულ დღეს მიულოცავს.

მთავარი ღონისძიება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება. ცერემონია ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყება.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე 15:00 საათზე ჩატარდება, რის შემდეგაც სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები გადაეცემათ.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.