2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 459 ადამიანი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეზენტაციაზე აღინიშნა, სადაც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გამოწვევასთან საბრძოლველად 2018 წელს ეროვნული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის სრული განახლება დაიწყო. თუ 2017 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით 170 კამერა ფუნქციონირებდა, უკვე დღეს 2 600-ზე მეტი კამერა მუშაობს, რომელიც საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტებს აფიქსირებს. გარდა ამისა, სამინისტრომ დაიწყო ავტოსაგზაო შემთხვევების აღრიცხვიანობის სრული მოდერნიზაცია და განახორციელა საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის კრიმინალიზაცია. ასევე, უწყების მიერ, ყველა პატრულ-ინსპექტორი სრულად აღიჭურვა სამხრე ვიდეოკამერებით, რომელიც მძღოლებისა და საპატრულო პოლიციის კომუნიკაციის პროცესს სრულად აფიქსირებს“, – აცხადებენ შსს-ში.

​უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ აღნიშნულ ღონისძიებებს მოჰყვა გარკვეული პოზიტიური შედეგები და 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. ასევე, შემცირდა სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელიც.