საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში პასპორტებს უფასოდ მიიღებენ

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში პასპორტებს უფასოდ მიიღებენ. ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, 1 მაისიდან 1 ივნისამდე მიმდინარე აქციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ.
პასპორტის უფასოდ მიღება მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისათვის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემებსაც გადაჭრის.
ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საზღვარგარეთ მყოფ 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს და სრულწლოვან პირებს, თუ ერთხელ მაინც აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი და მათი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის, შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს და ელექტრონული ფორმით გააკეთონ განაცხადი ბიომეტრიული პასპორტის მიღების თაობაზე.”-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.