კახი კალაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” კანდიდატი დიდი უპირატესობით იმარჯვებს

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმების 75 % დათვლილია და დიდი უპირატესობით მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს. ამით კალაძემ უპასუხა ოპოზიციას, რომელმაც დედაქალაქის მერს უპასუხისმგებლო უწოდა, რადგან „ლადო კახაძეს გამარჯვება წინასწარ მიულოცა“.

„ახლა მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი განცხადება უპასუხისმგებლოდ შეაფასეს. მათ მინდა მივაწოდო ინფორმაცია. ხმების 75 % დათვლილია, 62,5 %, ლადო კახაძის არის, 32,5 % შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო დამაჯერებელი გამარჯვება. ეს არის პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ცდილობდა, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა“, – თქვა კალაძემ.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა, ყველა უბანი 20:00 საათზე დაიხურა.

19 მაისს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის შედეგად 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41,01% მიიღო, მეორე ადგილზე (36,84%) კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე გავიდა.