ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ყველაფერი მზად არის, სამზადისი 23-ვე ცენტრში დასასრულს მიუახლოვდა,- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. გორგოძე თბილისის №175 საჯარო სკოლაში,გამოცდებისთვის მზადების პროცესს დაესწრო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.სოფო გორგოძის თქმით,რეგისტრაცია დილის 08:00 საათზე დაიწყება,შესაბამისად საგამოცდო ცენტრებში მოხდება იმ აბიტურიენტების მიღება, ვისაც გამოცდა პირველ სესიაზე აქვთ.

,,რამდენიმე საათში ჩვენ გვექნება გენერალური რეპეტიცია ყველა ცენტრში, როცა სრული შემადგენლობით ყველა მობრძანდება და ყველაფერი შემოწმდება“,- განაცხადა გორგოძემ.

სოფიო გორგოძის თქმით, ყველა საგამოცდო ცენტრში მოწესრიგებულია გაგრილების სისტემა და წელს ამ მხრივ, აბიტურიენტებს პრობლემა არ შეექმნებათ.

„მინდა ვთხოვო აბიტურიენტებს არ დაიგვიანონ გამოცდაზე, აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი“,- განაცხადა გორგოძემ.