ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 30 წლის ჯარისკაცი გარდაიცვალა

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 30 წლის ჯარისკაცი გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება სახელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.”-ნათქვამია განცხადებაში.