რუსთავში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი დააკავეს

რუსთავში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი დააკავეს.

პოლიციამ ექიმი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე დააკავა.

შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს მოქალაქე ვ.ი.-მ და მისმა ნათესავებმა. პირებმა ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვ.ი.-ს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა მათ შესაბამისი დახმარება არ გაუწია, რის შემდეგაც ვ.ი.-მ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 12 წლის ძმისშვილს გ.ი.-ს, რომელიც გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა – ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვისთვის.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რუსთავში 10 თებერვალს ბიძამ ძმის შვილი მოკლა. ოჯახის ახლობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.
12 თებერვალს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.