16 წლის მოზარდსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმის ბულვარში 16 წლის მოზარდსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შემდეგ მოზარდი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდმა დაცვის თანამშრომელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მათი თქმით, მოზარდი დაცვის თანამშრომლების მითითებას არ დაემორჩილა.

მოზარდის მეგობრები ამბობენ, რომ ბულვარის დაცვის თანამშრომლები 16 წლის ბიჭს უხეშად ესაუბრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ბიჭი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

16 წლის მოზარდს გამოკვლევები უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ წუთებში, თვითმხილველები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოკითხვაზე იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.