2019 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია

2019 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 1-ელ ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

2019 წელს

• ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
• საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა;
• სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა;
• მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნებიდან ისტორიას ყველაზე მეტი – 12500-მდე აბიტურიენტი აბარებს.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას აპლიკანტები ელექტრონულად პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, პროგრამებს, ნახულობს შედეგებს) შეძლებენ. ბარათზე დატანილი იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და რეგისტრაციის დაწყების დრო. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდსა და ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდება.

2019 წლის მთავარი სიახლე:
ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს. წელს გარკვეული ცვლილება შევიდა 4 საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხოური ენები) საგამოცდო ტესტში.