“გრაკლიან გორაზე” უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს

თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიან გორაზე ძვ. წელთაღრიცხვით V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა. ინფორმაციას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

“ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ პერიოდის ძეგლი შემორჩენილია მთლიანად და იძლევა იმ დროის ცხოვრების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას. ცენტრალურ ადგილას დიდი საკურთხეველია, სათავსოში გამართულია ღუმელი, რომელზეც ქურუმებისთვის ცეცხლის გადასატანი ვაზები დევს, იქვე არის სამკურნალო მცენარეების თესლების დასაფქვავი მოწყობილობა.

გათხრებში თსუ-ის სტუდენტებთან ერთად ოქსფორდის უნივერსიტეტის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის 15 სტუდენტი მონაწილეობდა,”- წერია განცხადებაში.

შიდა ქართლში, გრაკლიან გორაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრები 2008 წელს დაიწყეს, სადაც თსუ-ის სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ბაზაც ჩამოყალიბდა.

2015 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „გრაკლიანის გორას“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გათხრები დღემდე გრძელდება. ტერიტორიაზე 11 განსხვავებული პერიოდის კულტურის ნაშთებია აღმოჩენილი. აქ არის, როგორც სამეურნეო ნაგებობები, ასევე საცხოვრებელი და ტაძრები.

“გრაკლიანი გორა” კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან არის, ის 2008 წელს, გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს.