ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილიმა მიიღო.

მინისტრის განმარტებით, ეს შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

„ეს შეეხება ყველა აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა. სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა 2019-2020 წლებში დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან სულ მცირე, 60 კრედიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო 2020-2021 წლისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ოკუპირებული ტერიტორიებზე ლეგიმიტურად მცხოვრები პირებისთვის ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმს შეიმუშავებს.

შეგახსენებთ, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ჩაიკეტა, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების ნაწილმა ერთიან ეროვნული გამოცდებში მონაწილეობა ვერ მიიღო.