რუსი პროფესიონალი მოკრივე ბრძოლისას მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა

რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი რინგზე მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

სუპერმსუბუქწონიანმა რუსმა მოკრივემ ბრძოლის დროს ზედმეტად მძიმე დარტყმები მიიღო – მისმა მწვრთნელმა ბადი მაკგირტმა რინგზე პირსახოცი მე-11 რაუნდის ბოლოს შეაგდო და დადაშევი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. რუსი სპორტსმენი ბრძოლას ვაშინგტონში პუერტორიკოელ სუბრიელ მატიასთან მართავდა.

როგორც ირკვევა, დადაშევს გასახდელამდე დამოუკიდებლად მისვლაც კი გაუჭირდა. დადაშევი 3 დღის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა, თუმცა გამოჯანმრთელება ვეღარ შეძლო და 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუსეთის კრივის ფედერაციაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია.