საქართველოს კალათბურთელთა 20-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს კალათბურთელთა 20-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. პორტუგალიაში მიმდინარე ევროპირველობის B დივიზიონში ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი ესტონეთთან 67:78 წააგო, თუმცა მეოთხედფინალში მაინც გავიდა.

ჩვენს ჯგუფში სამ გუნდს – ჰოლანდიას, საქართველოსა და ესტონეთს 4 მოგება და 1 წაგება დაუგროვდათ. ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, პირველ ადგილზე ჰოლანდია გავიდა, მეორეზე კი საქართველო.

ჩვენი გუნდის მეტოქე მეოთხედფინალში მასპინძელი პორტუგალია იქნება, რომელმაც D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოსა და პორტუგალიის მეოთხედფინალური მატჩი 19 ივლისს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. B დივიზიონიდან A დივიზიონში საუკეთესო შედეგის მქონე 3 ნაკრები დაწინაურდება.