მართვის მოწმობის აღების მსურველებს ის ქუჩები, რომლის გავლაც გამოცდის დროს მოუწევთ, წინასწარ არ ეცოდინებათ

მართვის მოწმობის აღების მსურველი პირები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის, რომელიც რეალურ სივრცეში ავტომანქანის მართვას გულისხმობს, 4 სხვადასხვა მარშრუტია შედგენილი. მართვის აღების მსურველ პირებს
გადაადგილების მიმართულებას კომპიუტერული პროგრამა განუსაზღვრავს.
“ევროდირექტივა ზუსტად არეგულირებს ამ მიმართულებას, თუ რა ელემენტების გადალახვა უნდა მოახდინოს პირმა რეალურ საგზაო პირობებში, რათა მან მიიღოს მართვის მოწმობა. ჩვენც ეს ელემენტები გვაქვს ევროდირექტივის შესაბამისად შერჩეული და მარშრუტების შესაბამისად გვაქვს ყველა ეს ელემენტი გამოყენებული. მაგალითად: გვირაბი შეიძლება ვერ გაიარო ბევრ სერვისცენტრში და ეს ელემენტი ყველგან შეიძლება არ გავრცელდეს, თუმცა აღმართი, მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარე, დაბრკოლებები, რომლებსაც ევროდირექტივა იცნობს, მარშრუტები ისე გვაქვს შერჩეული, რომ მაქსიმალურად ყველა ელემენტის გამოყენება მოხდეს. გამოსაცდელი გაგვყვავს ქალაქში და დაახლოებით 20 კილომეტრამდე იქნება თითო მარშრუტი, რომელიც უნდა გაიაროს მსურველმა. მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრის ირგვლივ საშუალოდ 4 სხვადასხვა მარშრუტი გვექნება შერჩეული და წინასწარ ადამიანს არ ეცოდინება, რომელ მარშრუტს გაივლის. კომპიუტერი ავტომატურად დააგენერირებს მარშრუტს”, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ.

ამასთან, მარიანა მორგოშია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ავტოსკოლებში ხარისხიან სწავლებაზე მოთხოვნასაც გაზრდის. მან ასევე აღნიშნა, რომ ავტოსკოლები ამ ეტაპზე რეგულირებადი მიმართულება არაა და ამ კუთხით შსს მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მანქანის ქუჩებში – რეალურ მოძრაობაში მართვა გამოცდის მეორე ეტაპია, პირველ ეტაპზე კი მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს გამოცდის ჩაბარება არსებული სისტემით – საგამოცდო მოედნებზე მოუწევთ.