გავრილოვი საქართველოს ურჩევს, ადამიანის უფლებათა სფეროში გამოცდილება რუსეთისგან გაიზიაროს

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს ურჩევს, რომ ადამიანის უფლებათა სფეროში გამოცდილება რუსეთისგან გაიზიაროს. გავრილოვი დუმაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეა.

გავრილოვმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ომბუდსმენს, რადგან მან ოპერატიულად უპასუხა “საქართველოში რუს დეპუტატებზე თავდასხმას”.

“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო არ შედის ომბუდსმენების ევრაზიულ ალიანსში, რადგან საქართველოს შიდაპოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვისა და დემოკრატიული მოდელის შენების იმიჯისთვის, უმჯობესი იქნებოდა ამ ქვეყანას ადამიანის უფლებათა სფეროში გამოცდილება ჩვენი ქვეყნისგან აეღო”, — განაცხადა გავრილოვმა.

რაც შეეხება რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის Freedom House და Amnesty International ხშირად საუბრობენ და თავიანთ ანგარიშებში აღნიშნავენ, რომ ისინი უგულებელყოფილია. ორგანიზაციები აპელირებენ ლგბტ თემის უფლებების დარღვევასა და დევნაზე. გარდა ამისა, პრესის თავისუფლების ინდექსით, რუსეთი 180 ქვეყანას შორის 149 ადგილს იკავებს.