განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელებში გახშირდა სარეკლამო განცხადებები, რომლის თანახმად, აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეუძლიათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აბიტურიენტებს მოუწოდებს არ წამოეგონ შეთავაზებას – გახდნენ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ სასწავლებლებს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელია, ჰქონდეთ გავლილი ავტორიზაცია, რაც კანონით სავალდებულოა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც. აბიტურიენტების ინტერესების დაცვის მიზნით, აღნიშნული საკითხი მიხეილ ბატიაშვილის 2018 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით დარეგულირდა“, – მიმართავს ირინა აბულაძე აბიტურიენტებს.