ვლადიმერ პუტინი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინააღმდეგია

რუსეთის პრეზიდენტი , ვლადიმერ პუტინი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების წინააღმდეგია, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.

„მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე გამოეხმაურა გიორგი გაბუნიას გამოსვლას და განაცხადა რომ „დიდი პატივი იქნება მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. გააგრძელოს მაუწყებლობა“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.