კოჯორში ახალგაზრდული სოფლის აშენება იგეგმება

მთაწმინდის რაიონში, კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადდა. კერძოდ, საუბარია, ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 31 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 220 338 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ახალგაზრდული სოფელი თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო, სტუდენტური და ახალგაზრდული, სპორტული და სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის, სამუშაო, შემეცნებითი, კულტურულ-გასართობი პროექტებისთვის და სპორტული შეკრებებისთვის იქნება გათვალისწინებული. კომპლექსს 300 ბენეფიციარის განთავსების ადგილი ექნება.

„ახალგაზრდული სოფელის ბაზაზე განხორციელდება საზაფხულო და ზამთრის სკოლები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები, ბანაკები, სპორტული და კულტურული ფესტივალები, იქნება შესაბამისი თემატური სივრცეები სხვადასხვა ჯგუფების მუშაობისთვის (სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციების არაფორმალური განათლების აქტივობები, ტექნოლოგიების მიმართულება, სტარტაპერები, სახელოვნებო ჯგუფები, სპორტული კლუბები),“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.