მოპედის სამართავად მოქალაქეებს მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

2020 წლიდან მოპედების მართვაზე რეგულირება მკაცრდება. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

პროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია – AM, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები დაექვემდებარება სააგენტოში რეგისტრაციას. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.

კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული გარდამავალი პერიოდის დაწესებასაც – კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის 1 იანვრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი) მართვა დასაშვები იქნება მართვის მოწმობის გარეშეც (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი აქვს).

საკანონმდებლო პაკეტში აღნიშნულია, რომ AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასურისგან გათავისუფლდებიან სტუდენტის სტატუსის მქონე პირები.
ამასთანავე, აღნიშნული კატეგორია არ ითვალისწინებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას, ანუ სტუდენტის სტატუსის მქონე პირები AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან.