რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტირებისთვის კვლევა დაწყებულია

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეულმა ავსტრიულმა საკონსულტაციო კომპანია MC Mobility Consultants GmbH-მა საქართველოს წარმომადგენლობასთან (MCmaxgeorgia) ერთად რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტირების მიზნით კვლევითი სამუშაოები დაიწყო.

რუსთავის მერის მოადგილის, ბესიკ ტოგონიძის განცხადებით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ექსპერტებმა რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან უკვე მიიღეს. ვიცე-მერმა თქვა, რომ ექსპერტები „სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ“ მგზავრთა ნაკადის რაოდენობით.

2018 წლის 22 ოქტომბერს თბილისის მერმა კახი კალაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ დაგეგმილია სამგორიდან ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს აშენება. კალაძის თქმით, პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოს დაიწყება და 90 მილიონი დოლარი დაჯდება.

პროექტის ფარგლებში, 8 ახალი სადგური აშენდება და 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. გარდა ამისა, მიწისზედა მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე თბილისისა და რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით იგეგმება.

რუსთავის ვიცე-მერის ბესიკ ტოგონიძის თქმით, ის ესაუბრა ავსტრიული კომპანიის ექსპერტებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ, სავარაუდოდ, მიწისზედა მეტროს მოძრაობის ინტერვალი თბილისი-რუსთავის ხაზზე 15-დან 30 წუთამდე იქნება, თუმცა ეს საბოლოოდ ლოჯისტიკური კვლევისა და პროექტის საბოლოო შემუშავების შემდეგ გახდება ცნობილი.

ინფორმაციას აღნიშნული საკითხის შესახებ “რადიოთავისუფლება” ავრცელებს.