„რუსთავი 2“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტებმა და არხის პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლებმა საგანგებო განცხადებას გაავრცელეს. მათი თქმით, განცხადება არხის თანამშრომლების საერთო მოსაზრებაა.

არხის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტია.

“მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას ყოფნა გენერალური დირექტორის პოსტზე და მისი შრომითი კონტრაქტი იყო “რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, რადგანაც ნიკა გვარამია გამოხატავს, იცავს და იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც იბრძვის “რუსთავი 2”-ის ყველა თანამშრომელი. მისი კონტრაქტი კი “რუსთავი 2″-თან, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე არის დამატებითი გარანტია თითოეული თანამშრომლისთვის, რომ არხზე არ შეიცვლება მენეჯმენტი და შესაბამისად ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული”- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, ქიბარ ხალვაშის განცხადება,რომ ის არ აპირებს არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ნდობას არ იწვევს.

“მიგვაჩნია, რომ ხალვაში, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, “ქართული ოცნების” მხარეს. იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან ცდილობს შეცვალოს “რუსთავი 2″-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა”-აცხადებენ არხის თანამშრომლები.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია,რომ ყველა თანამშრომელი საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ მიზნად ისახავს საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციისთვის. “ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: ქიბარ ხალვაშის მიერ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლა იქნება “კურიერის” და მთლიანად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენთვის მიუღებელია.მოვუწოდებთ იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე “რუსთავი 2,” არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში. “მოვუწოდებთ იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრს არ დაარეგისტრიროს, გენერალური დირექტორის ცვლილება, რადგან ნიკა გვარამიას არსებული კონტრაქტი მენეჯმენტის ცვლილებას 2020 წლის ბოლომდე არ ითვალისწინებს და ეს იქნება კანონდარღვევა. “ამ ბრძოლაში ჩვენ ერთსულოვნები ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას არხის მოქმედ მენეჯმენტთან ერთად საბოლოო გამარჯვებამდე.”