საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას უმასპინძლებს

27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

Agile Spirit 2019 საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.

წლევანდელი სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.