სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე ზაფხულის სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით წელს ინფექციების მხრივ გართულება არ არის.

“ინფექციების მხრივ ძალიან მშვიდი სეზონი გვაქვს. არაფერი გართულება არ არის, რაც გვაქვს, ისიც მოსალოდნელი არის ხოლმე ზაფხულის ამ პერიოდში. პრაქტიკულად, ცოტაა ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებები. წითელას მხრივ სიმშვიდეა, რამდენიმე შემთხვევა აღინიშნება სულ კვირის განმავლობაში. ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, რადგან მაღალი ალბათობით, შესაძლებელია, წითელა შემოდგომაზე ისევ შემობრუნდეს. მთავარი რეკომენდაცია წითელაზე კვლავ რჩება და 20-დან 40 წლამდე პირებს კიდევ ერთხელ ვურჩევთ, რომ აიცრან. ასევე, განსაკუთრებით ბუნებაში გასვლის დროს, უნდა მოვერიდოთ მწერებს, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გადატანა. ძირითადად ასეთი დამოკიდებულება არის ტკიპებზე. კბენის ფაქტები ბევრია, მაგრამ ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი. წელს გაზაფხულზე იყო ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა და იმის მერე არ გვქონია, არის ლაიმის დაავადების, ბოლერიოზის რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ არაფრითაა გამორჩეული წინა წლების სიტუაციასთან შედარებით. მთავარია, გამოვიყენოთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – დამაფრთხობლები ანუ რეპელენტები, რომელიც შეიძლება წავისვათ როგორც ღია ადგილებზე, ისე – ტანსაცმელზეც”, – აღნიშნა იმნაძემ.

მანვე ისაუბრა კვებასთან და წყალთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზეც. “წყლის დალევა არ შეიძლება წყალსატევებიდან და ასევე განსაკუთრებით ყურადსაღებია პატარა, დამდგარ წყალსატევებში ბანაობა, რა დროსაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება დიდ წყალსატევებს, ზღვას, ტბას, აქ არავითარი საშიშროება არ არის. კვებასთან დაკავშირებით ძირითადი რეკომენდაციაა, რომ სიცხის დროს, მაგალითად მწვანილზე შეიძლება, 1-2 მირკობი იყოს და მათ გამო არაფერი მოგვივა, მაგრამ იგივე მწვანილი თუ მოხვდება სალათებში, შეიძლება ეს სუფრის ბოლოს, დაახლოებით 2 საათის შემდეგ პრობლემა გახდეს, რადგან მიკრობები გამრავლდება. ასევე, სალათები უნდა ინახებოდეს მაცივარში და კიდევ უფრო კარგია, თუ არაჟნით ან მაიონეზით უშუალოდ სუფრაზე გატანამდე გავაწყობთ. სალათები კარგია, ოღონდ რძის პროდუქტების, მაიონეზისა და არაჟნის გარეშე”, – განაცხადა იმნაძემ.