ცხოვრების გზაზე მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს, ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა -ილია მეორე

ცხოვრების გზაზე მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს, ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს. მისი ლოცვა, კურთხევა გფარავდეთ. როგორც იცით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები უშვილონი იყვნენ. როცა ერთ-ერთი მსახურების დროს მისი მამა, ზაქარია ასრულებდა მღვდელმსახურებას, მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, რომ შენ გეყოლება შვილი და დაარქმევ სახელსა იოანეს. ზაქარია და ელისაბედი მოხუცებული იყვნენ, ვერ დაიჯერეს, რომ შვილი ეყოლებოდა და მან დაკარგა მეტყველება. მართლაც მოხდა სასწაული და ეყოლა შვილი, დაარქვეს სახელად იოანე. ეს სასწაული, ღვთის მითითება იყო. წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის სინანულის მქადაგებელი და ყოველი ადამიანი უნდა იყოს მისი ლოცვის ქვეშ. როცა იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა ხალხს იორდანეში, გამოჩნდა უფალი იესო ქრისტე და იოანემ იწინასწარმეტყველა: „აჰა, კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა“. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყოს ჩვენი მფარველი. შეგვაძლებინოს, რომ მტკიცედ განვლოთ ეს ცხოვრების გზა. ცხოვრების გზა არც ისე იოლია. მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის ასეთი შემწე. შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.