20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას დაკავებულ პირებს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ 4 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას,აღნიშნულმა პირებმა სხვადასხვა საგნის გამოყენებით განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და პოლიციას ჯგუფურად უწევდნენ წინააღმდეგობას.

შსს-ს ცნობით, საერთო ჯამში, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დღეის მდგომარეობით პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის არის პარლამენტის წევრი ნიკა მელია.