5 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 121 ფაქტი გამოავლინდა

2019 წლის 1 იანვრიდან 30 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოავლინეს. აქედან 93 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 447 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლის მასშტაბით – 102, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 88, იმერეთში – 119, გურიაში – 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 18, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 100, მცხეთა-მთიანეთში – 32, შიდა ქართლში – 57, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 130, ხოლო თბილისში – 12 ფაქტი დაფიქსირდა.