აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინადა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინა და თორმეტი პირი დააკავა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს .

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც თორმეტი პირი დააკავეს.”

უწყების ცნობით , სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 22 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 82 000 ლარს აღემატება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.