“დემონის ძალა მხოლოდ ლოცვით და მარხვით განქარება”-მეუფე შიო

„ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას” -განაცხადა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისა

„ასეთი რამ უფრო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხდებოდა. განსაკუთრებული სასწაულები ახლა არ ხდება უფრო იმიტომ, რომ რასაც უფალი ამბობს, ჩვენი ურწმუნოების გამო, ჩვენი თაობა, ჩვენი ეპოქის ქრისტიანები სუსტი, მცირედ მორწმუნეები ვართ. უფრო ჩვენი თავის იმედი გვაქვს. ხშირად გვესმის ასეთი გამონათქვამი, რასაც მივაღწიე, ჩემი ძალით მივაღწიე, ჩემი ხელით გავაკეთე. ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას, თავის ცხოვრებისეულ წინსვლას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას. ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას”,- განაცხადა მეუფე შიომ.

გარდა ამისა, პატრიარქის მოსაყდრემ ქადაგებისას დემონის ძალაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “დემონის ძალა მხოლოდ ლოცვით და მარხვით განქარება”.

“დღეს ჩვენ ვფიქრობთ პირველ რიგში იმაზე, ჩვენ გვეხება თუ არა ეს სახარება პირადად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ლოცვა უმთავრესია, რადგან მხოლოდ ლოცვით ხდება ჩვენი სულის განკურნება, სულის ცხონება და ლოცვა აუცილებელია. მარხვაც აუცილებელია, რომ ადამიანური ნება გამოვაჩინოთ. მაგრამ ჩვენ რაში გვეხება ეს სახარება, თითქოს ჩვენ ხომ არ ვართ ეშმაკეულები?! ეკლესიის მამები ამბობენ, რომ ჩვენ არ ვართ სრულიად ეშმაკეულები, მაგრამ ჩვენ გარკვეულწილად ეშმაკს ვემონებით, როდესაც ვმოქმედებთ ვნებებით – მრისხანებით, შურით, სხვადასხვაგვარი ვნებით. როდესაც ამ ვნებით ვართ შეპყრობილი, ეშმაკის გავლენაა ჩვენზე. საწყისი ამ ვნებების დემონური სამყაროა. სხვათაშორის, ეს ბავშვებსაც ეტყობათ. ბავშვობიდან ვართ ჩვენ ასეთები. სულ პატარა ბავშვიც კი ავლენს ამ ვნებებს, თუ ყურადღების ცენტრში არ არის, ისე ცუდად იქცევა, რომ მოექცეს ყურადღების ცენტრში. ეს ჩვენი დაცემული, დაზიანებული ბუნებაა. მაგრამ ბავშვი არ არის სრულიად დამონებული. ეშმაკეულს არ ვეძახით არც ბავშვს, არც დიდს, თუ არ არის ის სრულიად დამონებული დემონური ძალისგან. ბავშვი შეიძლება აღვზარდოთ, გავართოთ და ასევე აქვს ზრდასრულსაც უნარი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ძალას. ამიტომ მარხვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ეს არ არის მხოლოდ საჭმლისგან თავის შეკავება. ეს მხოლოდ პირველი საფეხურია. ეს არის თავშეკავება ფიქრებისგან, არაწმინდა გულის სიტყვებისგან, ქცევისგან, რაც უფალს ეწინააღმდეგება. ეს არის მარხვის მნიშვნელობა. ლოცვაც არის აუცილებელი იმიტომ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა თავის თავში ცოდვა და ვნება დაამარცხოს. აზრი სულიერი ცხოვრებისა არის თავშეკავება იმისთვის, რომ დავანახოთ უფალს, რომ გვინდა გადარჩენა, სულის განკურნება და ვევედრებით მას, შეგვეწიოს ამაში, რათა გავხდეთ სასუფევლის მკვიდრნი”, – ბრძანა მეუფე შიომ.