დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვეს

„კურიერის“ მთავარი გამოშვების წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს. ამის შესახებ განცხადება მათ 9-საათიანი „კურიერის“ ეთერში გააკეთეს. ტელეწამყვანების მიერ არხიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, „კურიერის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება. სალიას განცხადებით, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა თანამშრომლები.