“რუსთავმა” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში რუსთავის “რუსთავმა” ბოლნისის “სიონს” ტექნიკური ცენტრის მოედანზე უმასპინძლა და მეტოქე 2-1 დაამარცხა. მასპინძლებისთვის შეხვედრა ცუდად დაიწყო, მატჩის 34-ე წუთზე ბოლნისელთა მხრიდან თავი ტატანაშვილმა გამოიჩინა, თუმცა ზუსტად 2 წუთში იმნაძის პასით ქავთარაძემ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, მატჩის მთავარმა არბიტრმა გოშაძეს წითელი ბარათი უჩვენა. მოპოვებული უპირატესობა რუსთაველებმა გოლში 80-ე წუთზე გარდასახეს და გამარჯვების გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან სიჭინავამ გაიტანა.

პრინციპული გამარჯვების შემდეგ “რუსთავს” 28 ქულა აქვს, გასავარდნი ზონიდან ამოვიდა და ელიტაში დასარჩენად იბრძვის.