სამართალდამცველები ტვ პირველში – გამომძიებლებმა არხის სერვერი წაიღეს

ტვ “პირველში” გამომძიებლებმა მუშაობა დაასრულეს. კიბერდანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომლები შენობაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 224 -ე და 286-ე მუხლებით დაიწყო , რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას გულისხმობს.

ტვ პირველის IT სამსახურში ამბობენ, რომ გამომძიებლებმა ტვ პირველის სერვერი წაიღეს.

„სავარაუდოდ, კრიპტოვირუსი არის გავრცელებული იმ სერვერზე, საიდანაც ხდებოდა სამონტაჟო ფაილების გაზიარება. საიდანაც იღებდა სთრინინგისთვის სერვერი ინფორმაციას. დაკრიპტულია ეს ფაილები აბსოლუტურად ყველა და შესაბამისად ლაივ რეჟიმში ტელევიზიის მაუწყებლობა შეუძლებელია. სერვერი წაღებულია . შსს-ს საგამოძიებო სამსახური იმყოფებოდა. მიმდინარეობს მუშაობა. ან აღდგენითი სამუშაოები ან მინიმუმ დადგენა იმის ,რით იყო ეს ყველაფერი გამოწვეული”-განაცხადა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა გიორგი გვასალიამ.