ატესტატები და დიპლომები ბლოკჩეინ სისტემაში დარეგისტრირდება

სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირდება. სიახლეს განათლების კომპლექსური რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში, ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით ქართულ განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება.

თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბლოკჩეინ-კომპანია Input Output HK Ltd-ს (IOHK) ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და პროექტის დეტალები განიხილა

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 17 ივნისს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირების პროექტი. ეს პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობით ახორციელებს, გულისხმობს სკოლის ატესტატის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომების ბლოკჩეინ სისტემაში რეგისტრაციას. სპეციალური QR-კოდის მეშვეობით მომხმარებელი ადვილად შეძლებს პოტენციური დამსაქმებლისთვის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და დადასტურებას. ინფორმაცია თავმოყრილი იქნება ერთიან სისტემაში, რომელშიც გარანტირებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე განხორციელდება, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის პროცესში და „ციფრულ სამყაროსთან” დაახლოებისთვის უმნიშვნელოვანესია.