დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

სამართალდამცველებმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათ შორის ორი დააკავეს, დაკავებულები მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომელია.

სამართალდამრღვევები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 50 000 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 4 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ასევე, გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით შეეცადნენ საჯარო რეესტრში, რეგისტრაციაში გატარებას ხსენებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული 4 690 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა, რომლის ღირებულება 53 000 ლარს შეადგენს.

დღეისათვის, მიწის ნაკვეთი დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.