ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. მისივე ინფორმაციით, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახვა აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შეუძლიათ.

როგორც გორგოძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

„თუ სკალირებული ქულების ყველა უჯრა შევსებულია, ყველაფერი რიგზეა და აბიტურიენტი აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. პირველ რიგში აბიტურიენტებმა უნდა შეხედონ გათანაბრებულ და გამსვლელ ქულებს, როგორია მათი მდგომარეობა კონკურსში ამ ეტაპზე”,- განაცხადა გორგოძემ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტმა აუცილებელია გაითვალისწინოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საკონკურსო ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული სიის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ.

მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.

აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge შეუძლიათ. ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული ქულებიც.