საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებს აქვეყნებს. აპლიკანტებს მიღებული ქულების ნახვა online.naec.ge-ზე შეუძლიათ.

ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge-სა და www.naec.ge-ზე დაიწყება და 23 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ აპელაციის საფასური უნდა გადაიხადოს.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მაგისტრანტობის მსურველს, ასევე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოცდის მონაწილის შესაბამის მონაცემებს. ერთი საგნის გასაჩივრების საფასური 50 ლარია (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა სრულად ანაზღაურდება).