საოკუპაციო ხაზს მიღმა შესაძლოა, კიდევ ორი სახლი აღმოჩნდეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟი დღეს დილიდან ისევ განაახლეს.

სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ ბისევს შორის კვლავ გამოჩნდენ რუსი სამხედროები და ადგილზე რკინის ბოძების მონტაჟი განაახლეს.

რკინის ბოძებს მიღმა ექცევა ორი ოჯახის, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები. აღნიშნული სახლები 2008 წლის ომის შემდეგ დამწვარი იყო და საცხოვრებლად არ გამოდგებოდა. თუმცა ოჯახები საკარმიდამო ფართს იყენებდნენ.

აღნიშნულ ოჯახებს რუსმა სამხედროებმა საკუთარ სახლებში შესვლისა და ნივთების წამოღების შესაძლებლობა მისცეს.

ამასთან,ადგილზე არიან ქართველი სამართალდამცველები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.