2020 წელს ოთხის ნაცვლად, აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.

განათლების სამინისტროს განმარტებით, ახალი მოდელი გულისხმობს, გამოცდების რაოდენობის შემცირებას ოთხი სავალდებულო გამოცდიდან სამ გამოცდამდე და ასევე აბიტურიენტების მზაობის უკეთ შეფასებას კონკრეტული პროგრამისთვის.

ახალი მოდელით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა. მესამე გამოცდა კი, დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

კანონის მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდის დაწესება შემდეგ საგნებში შეუძლიათ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია; მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს სულ მცირე, ერთ საგანს).

2020 წლიდან სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა, ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.

გრანტები სტუდენტებისთვის სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.