გიორგი გახარია – უნდა შევძლოთ, სულ მცირე, პროგნოზირებადი და რბილი იყოს ლარის კურსის მერყეობა

ჩვენ ვართ პატარა და აბსოლუტურად ღია ეკონომიკა, უნდა ვიცოდეთ, რომ ლარის კურსის მერყეობა ეს არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია არა მარტო ქართულ ეკონომიკასთან, არამედ იმასთან, რაც ხდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთანაც, – ამის შესახებ ლარის კურსზე საუბრისას „ქართული ოცნების“ ფრაქციების სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.ამასთან, მისი თქმით, ლარის გაუფასურება გავლენას ახდენს ფასებზე და ეს მეტ სოციალურ რისკს ქმნის.

„ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა ეს არის ის ძირითადი ამოცანა, რომელზეც უნდა იყოს კონცენტრირებული, როგორც მთვარობის, ასევე ეროვნული ბანკისა და მათი პარტნიორობის ძირითადი მიზანი. ჩვენ ეროვნულ ბანკთან მაქსიმალური კოორდინირებით და მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ, როგორც ეკონომიკური, ასევე ფინანსური სტაბილურობა და ეს შესაძლებელია. ამის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ბიზნესგარემოს სტაბილურობა და კიდევ ბევრი რამ“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

შესაბამისად, მისი შეფასებით, კოორდინირებული მუშაობა არის ძირითადი პრინციპი, როდესაც როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე მთავრობამ თავისი ფუნქციები უნდა შეასრულონ.

გახარიამა ასევე აღნიშნა რომ, ქვეყნის საგარეო ვალი ბოლო 7 წლის განმავლობაში მხოლოდ 7-8 პროცენტით გაიზარდა, 2012 წელს კი, საგარეო ვალი გაზრდილი იყო ერთ მილიარდზე მეტით.

„ეს უბრალოდ არჩევანია, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ჯანსაღი, შეგვწევს და უნდა გვქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ დავიცვათ სერიოზული რყევებისგან. უნდა გვქონდეს ყველანაირი ინსტრუმენტი და ვიყოთ ეფექტურები ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, ეროვნულ ბანკთან ერთად თანამშრომლობით. ჩვენი ბიზნესგარემო უნდა იყოს პროგნოზირებადი, რომ ბიზნესმა შეძლოს, როგორც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე ბიზნესი უნდა იყოს უფრო ძლიერი – განაცხადა ფრაქციის სხდომაზე გიორგი გახარიამ.

ავტორი – თაკო დანელია