თელეთთან ავარიის შედეგად დაშავებული ორი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სომხეთის ორი მოქალაქე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ექიმების განცხადებით დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათი ერევანში გადაყვანა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა 31 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. გარდაიცვალა ორი ადამიანი. 20 დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან 17 სომხეთის მოქალაქე იყო, ორი საქართველოს, ხოლო ერთი – აზერბაიჯანის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.