ცხოველის ნაშთიდან აღებულ მსოფლიოში უძველეს დნმ-ს დმანისში მიაკვლიეს

ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა.ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კვლევებმა დაადასტურა.

მუზეუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია გამოეყოთ – ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი.

ეს არის ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ, რომელმაც მილიონი წლით დააძველა აქამდე ცნობილი ინფორმაცია, რომელიც კუნძულ იუკონზე (ჩრდილო-დასავლეთ კანადა) აღმოჩენილი 700.000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო მიღებული.

„დმანისში აღმოჩენილი უძველესი მარტორქის ბიომოლეკულარულ კვლევების შესახებ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი “Nature” აქვეყნებს სტატიას სათაურით: Early Pleistocene enamel proteome from Dmanisi resolves Stephanorhinus phylogeny – დმანისში აღმოჩენილი ადრეპლეისტოცენური პერიოდის მარტორქის (Stephanorhinus) კბილის მინანქრიდან მიღებულმა პროტეონმა ახსნა უძველესი ფიოლოგენეზისი.

მეცნიერთა თქმით, „ესაა გარღვევა უძველეს ბიომოლეკულარულ კვლევებში, რაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათი ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი, ასევე გამოიკვლიონ ცხოველების და ადამიანის წინაპრის ისტორია“.

ბიომოლეკულარული პროექტი შეიქმნა კოპენჰაგენის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის და პროფესორ ესკე ვირსლევის ხელმძღვანელობით. ანალიზები ჩატარებულია კოპენჰაგენის, კემბრიჯის, მაქს პლანკის ინსტიტუტების ლაბორატორიებში. პალეონტოლოგიურ კვლევებში აქტიურად მონაწილეობდნენ იტალიელი მეცნიერები ფლორენციის უნივერსიტეტიდან. ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები ევროპისა და აშშ-ს წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან.

დმანისის, როგორც პრეისტორიული ძეგლის აღმოჩენის ისტორია 1983 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა აბესალომ ვეკუამ, შუა საუკუნეების სამეურნეო ორმოში აღმოჩენილი მარტორქის კბილი განსაზღვრა. სიმბოლურია, რომ პირველი გენეტიკური ინფორმაციაც სწორედ მარტორქიდანაა მიღებული.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული კოლექციები კაცობრიობის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას შეიცავს, რომელთა კვლევაში მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ.

აღმოჩენისა და ახალი კვლევის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ და ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორენცო რუკიმ ისაუბრეს.

დმანისის პროექტის მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.