აფთიაქებში გრიპის ვაქცინების შეძენა სექტემბრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი

კომერციულ სექტორში გრიპის ვაქცინები სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება, – ამის შესახებ ვაქცინის შემომტან კომპანია „ჯიპისიში“ განაცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, ჰოლანდიური წარმოების, სამშტამიანი „ინფლუვაკის“ შემოტანას 25 სექტემბრიდან გეგმავენ, ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპი“ კი, რომელიც ოთხ კომპონენტიანია, ქვეყანაში ოქტომბერში შემოვა.

ჯერ -ჯერობით კომპანიაში ფასს ვერ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ ვაქცინების ღირებულება ევროს კურსზე იქნება დამოკიდებული. გასულ წელს, ღირებულება 30-დან 50 ლარამდე იყო. ასევე დაუზუსტებელია, რა რაოდენობის ვაქცინა იქნება შემოტანილი.

რაც შეეხება შტამებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, წელსაც იგივე შტამების საწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა, რაც გასულ წელს იყო, მათ შორისაა H1N1 – ე.წ. ღორის გრიპი.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, სიახლეა ისიც, რომ თუ შარშან სახელმწიფომ სამ კომპონენტიანი ვაქცინები შეიძინა, წელს არჩევანი ოთხ კომპონენტიანზე გაკეთდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა და მისი გავრცელება ნოემბრიდანაა ნავარაუდევი.

გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება ოქტომბრის თვიდანაა რეკომენდებული.