ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის უჩივლებს

“თი ბი სი” ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს -ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ინფორმაცია facebook-ზე გაავრცელა.

ჯაფარიძე განცხადებაში წერს, რომ ის ასევე მოითხოვს, ვოლსკის ფინანსური სანქცია, 221 952 ლარის ოდენობით დაეკისროს, რომელიც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩაიდება.

“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლების და ქართული ოცნების მთავარი სახეები, არღვევენ წესიერების ელემენტრულ წესებს, სრულად გადიან საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან და ბრალმდებლების როლში თავად გვევლინებიან. გზადაგზა, ჩვენი რეპუტაციის კიდევ უფრო შესალახად ახალ ისტორიებს და არარსებულ “ფაქტებს” ახმოვანებენ და საზოგადოების აზრის არასწორ ფორმირებას ცდილობენ. ამ მხრივ გამოირჩევა პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც ჩვენი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს. ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ “ფაქტებს” იგონებს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო გია ვოლსკის წინააღმდეგ მივმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოვთხოვოთ მას ამ განცხადებების საჯარო უარყოფა. ასევე მოვითხოვთ პირადად გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელსაც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩავდებთ. ვინ იქნება შემდეგი დრო გვიჩვენებს “- წერს ჯაფარიძე.

უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გუშინ, 9 სექტემბერს განცახება გააკეთა, რომ “მამუკა ხაზარაძე და მისი გუნდელები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, ვითომ პოლიტიკაში შემოსვლას ლამობენ, პოპულარულები არიან და ერთი სული აქვს სახელმწიფოს გზები მოუჭრას პოლიტიკაში შემოსასვლელად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს”.

შეგახენებთ, 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი,თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. მათივე ინფრომაციით,საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.