კომიტეტმა პროექტს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე მხარი არ დაუჭირა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დადგენილების პროექტს, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას გულისხმობს, მხარი არ დაუჭირა. დადგენილების პროექტის ავტორი ოპოზიციური პარტია – “ევროპული საქართველოა”.

განმარტების მიხედვით, დადგენილების არსი შემდეგი სამი პუნქტს მოიცავს: 

– საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

– ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანა;

– ევროპის კავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის,პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის თქმით, პროექტის მიზანი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზებაა.

დღეს დადგენილების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.პროექტს მხარი არ დაუჭირა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემაც. თამარ ხულორდავას პოზიცია არის ის, რომ აღნიშნული პროექტი პოლიტიკური თვალსაზრისით ქმედით შედეგს არ მოიტანს.

„ამ გზაზე ჩვენ ისედაც დავდივართ ბეწვის ხიდზე ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს ძალიან არაპროგნოზირებად და აგრესიულ მეზობელთან და ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა საჭირო არ არის. ეს არის ჩვენი ცივილიზებული პოზიცია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ასევე ცივილიზებულად მიიღებს ჩვენი ოპოზიცია. რადგან ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქმედებები, პოლიტიკური ნაბიჯები შედეგს არ მოგვიტანს და იქნება მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის განცხადება.”,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.