რასმუსენი-საქართველოსთვის MAP რომ მიგვენიჭებინა,აგვისტოს ომის არიდება შეგვეძლო

,,დარწმუნებული ვარ, ჩვენ 2008 წელს შეცდომა დავუშვით. მე ვემხრობოდი საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას”-ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

რასმუსენმა, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე 2008 წლის ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებული და შემდგომ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. რასმუსენის თქმით, NATO-მ შეცდომა დაუშვა, საქართველოს რომ წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არ მიანიჭა, რამაც პუტინს არასწორი სიგნალი გაუგზავნა.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენ 2008 წელს შეცდომა დავუშვით. მე ვემხრობოდი საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას. ვფიქრობ, ეგრეც უნდა მოვქცეულიყავით, ვფიქრობ, არასწორი მესიჯი გავუგზავნეთ პუტინს. ყოყმანის, გადაწყვეტილების მიღების უუნარობის მესიჯი. მან კი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა და მე ნათლად ვხედავ კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე NATO-ს ამ ყოყმანსა და პუტინის 2008 წლის აგვისტოს საქართველოზე თავდასხმას შორის. მას სურდა მკაფიო მესიჯის გაგზავნა საქართველოსა და NATO-სთვის – ნუ ჩაერევით ჩვენს სამეზობლოში. ამდენად, ვფიქრობ, ამის თავიდან არიდება შეგვეძლო, საქართველოსა და უკრაინისთვის რომ MAP მიგვენიჭებინა,” – ამბობს რასმუსენი.

მისი თქმით, გარკვეულწილად 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის MAP-ზე უკეთესიცაა, რადგან საქართველომ და უკრაინამ გარანტია მიიღეს, რომ NATO-ს წევრები გახდებოდნენ, რასაც MAP თავისთავად არ გულისხმობს.

“შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. ბუქარესტის სამიტის დაწყებამდე განვიხილავდით, მივანიჭებდით თუ არა MAP-ს საქართველოსა და უკრაინას. ვერ შევძელით, სათანადო მხარდაჭერა მოგვეპოვებინა, როგორც იცით, NATO-ს მხოლოდ ერთხმად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. იყო გარკვეული წინააღმდეგობა საქართველოსა და უკრაინისადმი MAP-ის მინიჭების საკითხში. ნაცვლად ამისა, გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით NATO-ს წევრები. ეს კი უფრო ძლიერი განაცხადიცაა – MAP არ იძლევა გარანტიას, რომ ბოლოს წევრი გახდები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან წევრები.”-აცხადებს რასმუსენი